ჯანსაღი ცხოვრების წესი - სწორი კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა
სწორი კვების ძირითადი პრინციპები
ყველა ადამიანს კალორიების გარკვეული რაოდენობა სჭირდება, რომლებიც ენერგიად გარდაიქმნება და უზრუნველყოფს ორგანიზმის ფუნქციონირებას. ჯანმრთელობისთვის, კალორიების რაოდენობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ტიპის საკვებისგან ვიღებთ მათ.
ზრდასრულ მამაკაცს, რომელიც არ ეწევა მძიმე ფიზიკურ შრომას, დღეში დაახლოებით 2500-2700 კალორია სჭირდება, ხოლო ზრდასრულ ქალს - 2000-2200 კალორია. რაც უფრო დიდია ფიზიკური აქტივობა, მით მეტი კალორია ესაჭიროება ორგანიზმს. შესაბამისად, პროფესიონალი სპორტსმენები და განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანები ზემოთ მოყვანილ საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მეტ კალორიას შეიძლება მოიხმარდნენ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ტიპის საკვებისგან ვიღებთ საჭირო ენერგიას. დღესდღეობით, მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას არაჯანსაღი კვება წარმოადგენს - შაქრის და მარილის ჭარბი ოდენობა, ნახევარფაბრიკატი პროდუქტები, ტკბილი გაზიანი სასმელები და ა.შ. მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენს, მაშინ, როცა ამგვარი პროდუქტის რეგულარული მოხმარება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
ამერიკის ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველ ხუთ წელში ერთხელ აქვეყნებს კვების სახელმძღვანელოს, რომელიც სწორი კვების შესახებ რეკომენდაციებს შეიცავს. სახელმძღვანელოში ყოველდღიური საკვები პროდუქტები, სქემატურად, თეფშზე არის გამოსახული. უკანასკნელი რეკომენდაციების მიხედვით, ჯანმრთელი ადამიანის ყოველდღიური საკვების ნახევარს ბოსტნეული (დაახლ. 30%) და ხილი (დაახლ. 20%) უნდა შეადგენდეს; მარცვლეული პროდუქტების ხვედრითი წილი დღიურ ნორმაში 30%-ია, ხოლო დანარჩენი 20 % ცილოვანი პროდუქტებით უნდა შეივსოს. ასევე, რეკომენდებულია რძის პროდუქტების ყოველდღიურად მიღება.
სპორტი და აქტიური დასვენება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა, თუმცა, იმავე წყაროს მიხედვით, მსოფლიო ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მეორე მნიშვნელოვან შემადგენელს, სწორ კვებასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც შეადგენს. აღნიშნულში არა მხოლოდ სპორტის რომელიმე სახეობით დაკავება, არამედ ნებისმიერი ფიზიკური ძალისხმევა იგულისხმება - ფეხით, ველოსიპედით სიარული, ბაღში, ბოსტანში მუშაობა და ა.შ.
რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, ამცირებს მრავალი დაავადების, მათ შორის, ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთი ფორმის განვითარების ალბათობას, ამცირებს მოტეხილობების და ხერხემლის დაზიანების რისკს.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ 5-17 წლის ბავშვები და ახალგაზრდები დღეში მინიმუმ ერთსაათიანი, ხოლო 18 წელს ზევით - სულ მცირე 150 წუთიანი ყოველკვირეული საშუალო ან ინტენსიური ფიზიკური აქტივობით უნდა დაკავდნენ.
No comments:
Post a Comment